"ლიბერთი ბანკი" აცხადებს, რომ სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საერთაშორისო სანქციებთან

„ეროვნული ბანკის“ განცხადებით, სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან. ამის შესახებ „ლიბერთის“ განცხადებაში წერია.

„სს ლიბერთი ბანკი სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან რომელიც, მათ შორის, მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) მიერ დაწესებულ სანქცირებულ პირთა სიას.

სს ლიბერთი ბანკი ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას და ამავდროულად, სს ლიბერთი ბანკს გააჩნია რისკების მართვის შიდა პოლიტიკა და რეგულაციები, რომელიც ითვალისწინებს ბანკის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან შეთანხმებულ ვალდებულებებსა და უფლებებს, რაც თავის მხრივ, ზღუდავს მაღალრისკიანი კლიენტების მომსახურებას,“ - ნათქვამია „ლიბერთი ბანკის“ განცხადებაში.



ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა.